“საარჩევნო რეფორმებზე მიღწეულია ფართო კონსენსუსი” -კარლ ჰარცელი

  •  

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მიღწეულ იქნა ფართო კონსენსუსი.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ახლა ამ ეტაპზე ვართ. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოხარული ვარ, შევიტყო, რომ, როგორც ჩანს, გუშინ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა ფართო კონსენსუსი. ახლა ველოდებით, რომ ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და პარლამენტში გაგრძელდეს მოქმედებები და განხილვები.

სასამართლო რეფორმა არის ასევე 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს არის მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი სასიცოცხლო, მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ამ საკითხს ყველა მხარე ძალიან სერიოზულად უდგება.

მოკლევადიან პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება ყურადღების კონცენტრირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, რადგან ეს პროცესი საკმაოდ მალე მოახლოვდება, ასევე იქნება დანიშვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს ორი ორგანო არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემისადმი ნდობის ჩამოსაყალიბებლად.

გარდა ამისა, ეტაპობრივად მოხდება სხვა ტიპის რეფორმების განსაზღვრის პროცესი, რაშიც ჩართულები იქნებიან ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები