ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კუთვნილ ფერმაში მოხდა

ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, რამაზ თედორაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა. 

37 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული – 1961 წელს დაბადებული ვ.კ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.  

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: რამაზ თედორაძე, რომლის ოჯახის კუთვნილ ფერმაშიც მოხდა მკვლელობა, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 

2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

მსგავსი თემები