„უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება“ – პატრიაქრის სააღდგომო ეპისტოლე თანამედროვეობაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში თანამედროვე გამოწვევბსა და საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ბრძანებს, რომ ყველას დიდი გამოწვევა აქვს, მათ შორის  „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს.

„დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.
სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის  უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს“ – ბრძანებს პატრიარქი.

სააღდგომო ეპისტოლე არსებული იტარებიდან გამოსავალსაც გვთავაზობს.

„არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა(აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის).

გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია: მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ – ყოვლადწმინდა სამებისკენდა ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ. ამასთან,რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც.

აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად,ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“ ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები.

ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.
მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე.ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს.ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით.

ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც- მას შინა. ამიტომაც,ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზემეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37).


თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაცსაოცარ შეწევნას მივიღებთ“ – ბრძანებს პატრიარქი.

მსგავსი თემები