„ეროვნული გრძნობები გამქრალია… წაშლილია „ქალი“ და კაცი“ – ამონარიდი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში თანამედროვეობის პრობლემებასც ეხება და ბრძანებს, რომ ეროვნულ გრძნობებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არსებობს.  „წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ბრძანებს პატრიარქი.

„ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”.

ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“…

ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს“ – ამონარიდი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან.

მსგავსი თემები