„სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება – დავბრუნდით 90 -იან წლებში“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილი იმ ზარალზე საუბრობს, რაც პანდემიის პერიოდში სექტორს მიადგა:

„ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა. წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?!თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე – დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით სულ ყველა სასტუმრო, რომ პირველი თებერვლიდან გავიხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ – ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ – მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს.

 „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ – ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.

არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“ ,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები