“იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ” – ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

  •  

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას “ქართული ოცნების” გუნდის წევრები აფასებენ. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტია, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ.

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამას შეაფასებს კიდევ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად და ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, როდესაც ხარ პარტიის თავმჯდომარე, უარს ამბობ თანამდებობაზე,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი ბერაია აქცენტს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილზე სადაც ის საუბრობს, რომ ქვეყანა სწრაფი განვითარების შეუქცევად გზაზე დგას.

“ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა უმაღლესი უპრეცედენტო სტანდარტი, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში საკუთარი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯებით. ის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას საკუთარი არგუმენტებით ასაბუთებს წერილში. მე გამოვყოფდი რამდენიმე დეტალს – ის საუბრობს, რომ დღეს ქვეყანა დგას სწრაფი განვითარების შეუქცევად გზაზე, სადაც ჩვენ სწრაფი ტემპით მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ.

ჩვენს გუნდს დღეს შეუძლია ქვეყნის განვითარების და წინსვლის ახალ ეტაპზე გადაყვანა და ამბიციური დღის წესრიგის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით დავიწყეთ,”-განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

მსგავსი თემები