“დებატებზე უარი სრულ კაპიტულაციად აღიქმება” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დებატებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ სთავაზობს

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მათ მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დებატებზე უარის თქმა, სრულ კაპიტულაციად აღიქმება. 

“ჩვენ ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია “რუსთავი 2” დღესაც მზად არის ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და სხვადასხვა საბაბს იგონებს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.

მათ, ასევე, სხვადასხვა საბაბით აარიდეს თავი უბნების გადათვლას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. შევახსენებ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა, აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმაზე უარის თქმად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები და სპეკულაციაა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ, სატელევიზიო დებატებზე უარის თქმას, შესაძლოა ორი მთავარი მიზეზი ჰქონდეს:

“უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, დებატებისთვის ყველაზე დიდი სივრცე საქართველოს პარლამენტში იყო. ისინი კი ამაზე უარს ამბობდნენ და ჩვენ მოგვიწია საპარლამენტო საქმიანობა მათი ბოიკოტის რეჟიმში გაგვეხორციელებინა. ოპოზიციის მიერ, სატელევიზიო დებატებზე უარის თქმას, შესაძლოა ორი მთავარი მიზეზი ჰქონდეს – მათ არ უნდათ, ეშინიათ და არ აწყობთ ის სიმართლე, რომელიც ჯანსაღი დებატების დროს გამოიკვეთება, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ თუ მათ მაინც მოუწიათ დებატებში მონაწილეობის მიღება, ისინი გვთავაზობენ დებატებს, რომლის დროსაც ჯანსაღი დებატები ვერ იქნება, იქნება მხოლოდ შოუ და ამის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებამ კვლავ ვერ გაიგოს სიმართლე,”- განაცახადა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი თემები