“ოპოზიცია უარს ამბობს ყველა ცივილიზებული მეთოდის გამოყენებაზე” – ანრი ოხანაშვილი

​”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ჩაფიქრებულ რევოლუციურ სცენარზე და პოლიტიკური პაექრობისთვის საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. 

მისივე თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2003 წლის რევოლუციის გათამაშება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა. 

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სცენარი წინასწარ იყო გაწერილი და გადიოდა რევოლუციაზე. მათ უნდოდათ 2003 წლის გათამაშება, ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. არჩევნები ლეგიტიმურია, ამიტომ, ყველა უნდა მოემზადოს, ერთი მხრივ, მეორე ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ პოლიტიკურად მოხდეს პაექრობა. მიიღონ მონაწილეობა, არავინ არ გაურბის არც დებატებს, არც პაექრობას, ამისთვის არის პოლიტიკური ტრიბუნა, საქართველოს პარლამენტის ადგილი, სადაც შეიძლება ასეთი პაექრობა. ამიტომ, ისინი დებატებზე უარს ამბობენ, უარს ამბობენ ყველა იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ მეთოდზე, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ და რასაც მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მსგავსი თემები