რიკოთის უღელტეხილზე 97-მდე ხიდი და 53-მდე გვირაბი აშენდება

რიკოთის უღელტეხილზე 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაიხარჯება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკი, ჩუმათელეთი-არგვეთის გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. კერძოდ, ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპნის მშენებლობას.

“რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას”, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე.

საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

როგორც “მთავარს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუმარტეს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპნის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

მათივე განმარტებით, ჩუმათელეთი-არგვეთის მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000 -მდე ადამიანი დასაქმდება.

 

მსგავსი თემები