თბილისის მერია გზების, გვირაბებისა და ხიდების მოსარეცხად სპეციალურ ტექნიკას შეიძენს  

შპს “თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქში მორეცხვითი სამუშაოების განსახორციელებლად უახლოეს ხანებში სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. პირველი მაისიდან დაიწყება გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები და  ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება. ასევე იგეგმება ხიდების, გვირაბებისა და პანდუსები მორეცხვა. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება დედაქალაქში არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გუშინ, საღამოს საათებში გმირთა მოედნის ესტაკადა და იუსტიციის სახლთან მდებარე საცალფეხო ხიდი მოირეცხა.  გმირთა მოედანზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე გაეცნენ.

კახა კალაძემ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვა იგეგმება.

„გვინდა, ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქალაქის სკვერებსა და პარკებში მიმდინარეობს მცენარეების რგვის და ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.

თბილისის  მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს, “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან  ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.

 

მსგავსი თემები