ოჯახში ძალადობის ტენდენცია ზრდადია, 3 თვეში – 1156 ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ოჯახში ძალადობის მხრივ საქართველოში ტენდენცია მზარდია. როგორც სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, 2018 წლის 3 თვეში 1156 ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი ინფორმაციის შეუტყობინებლობა რჩება.

„გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევაა  ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება“ – აღნიშნა თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით,  პრობლემას ისიც ქმნის, რომ მოძალადეს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია, ძალადობის შესახებ  ვინ განახორციელა ზარი პოლიციაში: „არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას – არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. გარდა აღნიშნულისა, პრობლემებს ქმნის ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობით, მოძალადეს უფლება აქვს გაიგოს, ვინ მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას “, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელის  და გენდერული საბჭოს წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია კანონმდებლობაში ცვლილება შევიდეს და ინფორმაციის მიღება არ იყოს შესაძლებელი.

რაც შეეხება სტატისტიკას,  ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 2015 წელს ოჯახში ძალადობის 771 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016-ში – 2356, 2017-ში კი 1554 შემთხვევა.

პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მსჯელობენ ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.

მსგავსი თემები