სოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და წარმომადგენლებმა სოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

27 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, საკუთარი მიწა–წყლისა და ოჯახების დასაცავად, სოხუმში, მოწინააღმდეგის შტურმის დროს თავგანწირული მეომრების მემორიალს ტრადიციულად, ყოველ 15–16 მარტს გვირგვინით ამკობენ.

კორონავირუსის ეპიდემიას აღნიშნული პროცედურისთვის ხელი არც ამჯერად შეუშლია. დღეს, დღის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატები, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს მცირე ჯგუფებად, გმირების პატივსაცემად  მემორიალს სტუმრობდნენ და  იხსენებდნენ 27 წლის წინანდელ ომის ეპიზოდებს, ცალკეული გმირების საბრძოლო ისტორიებს.      

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:  „27 წლის წინ, 1993 წლის 15–16 მარტს სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის გენერალიტეტის მიერ სოხუმზე  წინასწარ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი შტურმის წარმატებული მოგერიება  საქართველოს შეიარაღებული ძალების – ძირითადად  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23–ე  მექანიზებული ბრიგადის მეთაურების ორგანიზებულობამ, თითოეული ჯარისკაცის, ადგილობრივი მოსახლეობის, მოხალისეების მამაცობამ და თავდადებულმა ბრძოლისუნარიანობამ მოიტანა. თავის მხრივ საქართველოს არტილერიამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა მაშინ მტერზე გამარჯვების მოპოვებაში. სწორედ ამ ბრძოლამ დაუდო დასაბამი ქართული არტილერიის დღედ 16 მარტის დაწესებას.

მიუხედავად სამხედრო მომზადების, შეიარაღების მაღალი დონისა და სისასტიკისა, მტერმა საწადელს ვერ მიაღწია – სოხუმი ვერ აიღო და თავად განიცადა უდიდესი მარცხი, როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის. ეს ბრძოლა ქართული მხარის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მართალია, გაცილებით ნაკლები, მაგრამ სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო სოხუმის მამაც დამცველთა შორის.“

მსგავსი თემები