პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარგენისას არსებულ ბიუროკრატიაზე ისაუბრა და ის თანხაც დაასახელა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი სამინისტროების შემცირებით დაზოგავს. ეს თანხა 100-120 მილიონი ლარია, რომელიც სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების სფეროზე და უფრო დიდი პრიორიტეტებზე გადანაწილდება.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ზომის მთავრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს, ეფექტიან გადაწყვეტილებებს და ნაკლებ ბიუროკრატიას. უწყებების გაერთიანებით არ უნდა დაკნინდეს რომელიმეს ფუნქცია, პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით.
“ამ მიმართულებით იყო პროგრესი, როცა შევამცირეთ ეს წილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქვეყნის ბიუროკრატია და მმართველობითი ორგანოები უნდა იყოს იმ ზომის, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ეფექტურად და ოპერატიულად. ჩვენ არც ერთ ფუნქციას დავაკნინებთ. პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა არ უჯდებოდეს ძალიან ძვირი და აქედან გამომდინარე შემოგვაქვს მაქსიმალური ზღვარი – ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბახტაძემ.