„რაგბის ქომაგთა კავშირი“ – ასე ერქმევა იმ ახალ ორგანიზაციას, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები ჩიხში შესული რაგბის კავშირის გადასარჩენად ქმნიან. მორაგბეებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს და კავშირში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა რაგბში დაგროვილია ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემების გარეთ გამოტანა ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდის წინ. უცებ, მივიღებთ ხოლმე ისეთ რეალობას, რომ მოდის იმდენი პრობლემა, რომ ქომაგებისთვის რთულია ამდენი პრობლემის ერთდროულად გადახარშვა. სამწუხაროდ, არ შევქმენით თავის დროზე ორგანიზაცია, თუმცა, დღეიდან გამოვასწორებთ ამ სიტუაციას და საზოგადოებას შესაძლებლობას მივცემთ, პერიოდულად და პერმენენტულად ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება რაგბის კავშირში. ყველა ინფორმაციას გამოვიტანთ გარეთ“ – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ სანდრო საკანდელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე შეფასებით, ყველამ უნდა იცოდეს, მთელი წლის განმავლობაში რა პროგრესი და რა რეგრესი აქვს კავშირს. დღევანდელ რეალობას კი რეგრესი უწოდა.
„არჩევნების დროს, უცებ ვიგებთ რომ რაგბი იღუპება და არ გვაქვს გამოსავალი. ყველა საეჭვო თუ სწორი გადაწყვეტილება კავშირიდან გარეთ უნდა გამოდიოდეს და ეს დამალული არ უნდა იყოს. რაც შეეხება დღევანდელი ვითარებას, შედეგად გვაქვს ის, რომ რაგბი შესულია ჩიხურ მდგომარეობაში და არ ხდება განვითარება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ორგანიზაციას, ვაანონსებთ „რაგბის ქომაგთა კავშირის შექმნას“ – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ და იმ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა, რაც დღეს რაგბის კავშირში არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს გარბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება.
„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.