“დოიჩე ველეს” სკანდალურ სტატიას მმართველი გუნდის ლიდერები ეხმაურებიან

გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” სკანდალურ განცხადებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ, ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცებას ეხება, “ქართული ოცნების” ლიდერები გამოეხმაურნენ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის არასწორი შეფასება, რადგან მათი თქმით “ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტი დასავლეთია და არა ჩრდილოეთი.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერები ამ განცხადებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ხედავენ, რადგან მათი განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ოპონენტების დამსახურებაა, რომ იმიჯის შელახვის მიზნით, სწორედ ასეთი სტატიები იწერება საერთაშორისო მედიაში.

“ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე, ეს არის ის, რაც გიორგი გახარიასა და ჩვენი გუნდის რეალურ მიზნებზე მიუთითებს. თუ შეფასებების გაკეთება გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან დღემდე შეასრულა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის მომენტი, თქვენს მიერ მხარდაჭერილ პრემიერს “მოსკოვის კაცად” რომ მოიხსენიებენ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასე პასუხობს:

“მე უხერხულობას ის მიქმნის, რომ არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ასეთ თემებს ადვოკატირებენ და რომლებსაც უნდათ საზოგადოებას ასე დაანახონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მათ ადგილას რომ ვიყო, ასეთ რამეს არ ვიკადრებდი. დარწმუნებული  ვარ, მსოფლიოსთვის ამ გზავნილის გაგზავნას ძალიან ბევრი ცდილობს, ისინი, ვინც პოლიტიკურ კონკურენციაში ვერ შემოდიან”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანულმა გამოცემამ “დოიჩე ველე” სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “საქართველოს პრემიერ-მინისტრად “რუსეთის კაცი” დანიშნეს”.

მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

მსგავსი თემები