“ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივეზე მთხოვეს, გიორგი გახარიასთვის გადამეცა, არ წავიდესო”, – ასე გამოეხმაურა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას.
“ბახმარო „მრავალ მთიანი“ კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა, ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო.
ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ, ისევე მინელებულები მიიმალნენ.
გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ვეზე მთხოვეს გადამეცა „არ წავიდესო“.
ჰოდა, ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია? როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ, რამაც ესე გაგაუფასურათ“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა, გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროში მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე ბანერი “ გახარია, წადი!” გამოფინეს.