„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატებისა, ჩვენი უშუალო ვალდებულებაა“ – მინისტრი მაღაროელებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამწუხაროა, რომ გაფიცულმა მაღაროელებმა მედიატორის ჩართვაზე უარი განაცხადეს. მისივე შეფასებით, ხელფასის მატების საკითხში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატებისა, ჩვენი უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე“ – განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომპანია „ჯორჯიან მარგანეზმა“ გაფიცული და მოშიმშილე მაღაროელების მოთხოვნები არ გაითვალისწინა, რის გამოც, მოშიმშილეები უკვე კომპანიის ჭიათურიდან გასვლას ითხვენ.

მსგავსი თემები