გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – ანა ნაცვლიშვილი ,,ოცნებას”

გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ: გამოდით დღეს პარლამენტთან იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს „რუსული კანონი“ ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ევროპული და ქართული დროშები – რუსული დროშები გაქვთ გადმოფენილი იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები: მუშტი, ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს. გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით.

თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და კი, გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის. თქვენს შვილებს პასუხს ვერ გასცემთ და თვალებში ვერ ჩახედავთ. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ შორის დავიცავთ თქვენი და ყველას შვილებისთვის იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო! რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არ გახდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი თემები