ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია – DRI

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ცნობით, 16 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.

ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება.

,,მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა.

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.

სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას თან ერთოდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება.

მსგავსი თემები