„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აქამდე სამუშაოების დასრულების პერიოდად 2024 წლის ზაფხულის ბოლო სახელდებოდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, შესაძლო გადავადება დამატებით კვლევებს და პროექტის განახლებას უკავშირდება.

„მეტროსადგურ “ვარკეთილში” არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტი განახლდა. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჭერის მოპირკეთება შესაბამისი მასალების შეკვეთის და მიღების შემდეგ განახლდება.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ბაქნის ქვედა ნაწილში“, – უთხრეს BMG-ს სატრანსპორტო კომპანიაში.

მსგავსი თემები