„ეს იყო სრული შოკი, ჩვენ მოგვატყუეს“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. კოლექტივმა, დღეს, კლინიკის ეზოში საპროტესტო აქციაც გამართა.

„ტელევიზიით გავიგეთ მინისტრის ინტერვიუდან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია არ იგეგმება და მოხდება საავადმყოფოს ძველი კორპუსის დემონტაჟი. ამის შემდეგ რადენჯერმე ვცადეთ კომუნიკაცია, რომ რეალურად გაგვერკვია რა ხდებოდა, თუმცა, არანაირი პასუხი არ ყოფილა. ამის შემდეგ გავმართეთ აქციები და აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ დაიწყო შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან“ – ამბობს ნინო ოთარაშვილი, ექიმი.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან იყო შეცდომების  ერთგვარი აღიარება, რომ კომუნიკაცია უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო მედპერსონალთან.

„ამის შემდეგ დაიწყო ჩვენთან კომუნიკაცია. ყველა შეხვედრა მთავრდებოდა ჩვენი დარწმუნებით, რომ ყველა ექსპერტიზის შედეგებს გაგვაცნობდნენ და არც ერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ ჩვენთან შეთანხმების გარეშე. თუმცა, სრულიად მოულოდნელად მივიღეთ ნამდვილი შოკი. ტელევიზიით მინისტრმა გვაცნობა, რომ საავადმყოფოს დემონტაჟი მოხდება და ჩვენს კომპენსაციებს შემოგვთავაზებენ. მოგვატყუეს. დაირღვა ყველა შეპირება და სამუშაო რეჟიმი“ – განმარტავს ოთარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის ტერიტორიაზე ახალი საავადმყოფოს აშენებას გეგმავს, რაც თანამშრომლებისთვის არარეალურია და ფიქრობენ, რომ ეს ტერიტორია მშენებლებს აინტერესებთ.

 

მსგავსი თემები