,,ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის” – გახარია ივანიშვილს

პარტია ”საქართველოსთვის”  გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ეხმაურება. გახარიას თქმით, მისი გადადგომის პირველივე დღიდან ივანიშვილმა იცოდა, რომ მის პარტიას ვერავინ გააჩერებდა, რადგან ზუსტად იცოდა გადადგომის მიზეზები.

,,ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ვერავინ ვერსად პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა. ეს არის ახლა რაც ხდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იძულებითი ნაბიჯი იყო ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია.

მაგრამ, კარგია რომ ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ბევრი რამ აღიარა: აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა! აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… ორს, სამს, ოთხს… ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს;

აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება. იმედი მაქვს, ხვდება, ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის მიზეზის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არც ერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა,”- განაცხადა გახარიამ.

გახარია დებატებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილს ნებისმიერ ფორმატში შეხვდება.

,,მე მარტივი მიდგომა მაქვს. მსგავსი ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და მე ველოდები ამ ნაბიჯებს. მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად – ნებისმიერი დამსწრის პირობებში. რადგან სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების ქართული ტრადიციული წესი და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. და ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ!”, – აცხადებს გახარია.

მსგავსი თემები