შამპანურისა და კერძების რამდენიმე იდეალური კომბინაცია

გურმანებს თუ დავუჯერებთ, შამპანური და ცალკეული კერძები კულინარიულ სამყაროში ერთ-ერთი იდეალური კომბინაციაა. ჩვენ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, თქვენ კი გადაწყვიტეთ, რომელს შემატებთ წელს საახალწლო სუფრას. 

შამპანური და ხამანწკები

კლასიკური და, ბევრის აზრით, იდეალური კომბინაცია შამპანური და ხამანწკებია. თუ ხამანწკები გასინჯული გაქვთ, გეცოდინებათ, რომ საკმაოდ მარილიანი და ამასთან ერთად, განსაკუთრებული გემოთი ხასიათდება. შამპანურისა და ხამანწკების გემოვნური მახასიათებლები კი საოცარ სინთეზს ქმნის: შუშხუნა სასმელი კერძის ტექსტურასაც კი შესანიშნავად უხდება. 

შამპანური და ყველი

შამპანური და ყველი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომბინაციაა, მთავარი მიზეზი კი მათ შორის არსებული ბალანსია. მაგალითად, კრემოვან ყველს, რომელიც საკმაოდ ნოყიერია, შუშხუნა შამპანური იდეალურად უხდება ისევ და ისევ გემოების ბალანსის გამო. ობიან ყველს საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს, რის გამოც დანარჩენებთან შედარებით მას ცოტა ჩვენგანი მიირთმევს. თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნები, რომლებიც მკვეთრად გამოხატულ არომატებს არ უშინდება, გირჩევთ, ობიანი ყველი შამპანურთან ერთად მიირთვათ და თავად გამოსცადოთ, როგორ უხდება ცოტაოდენი სიმჟავე ამ გამორჩეული გემოს ყველს. 

შამპანური და ტკბილეული

გემოების ბალანსზე საუბრისას შეუძლებელია ტკბილისა და მჟავის კომბინაცია არ ვახსენოთ. მჟავე, შუშხუნა სასმელი იდეალურად ერწყმის დესერტებს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მათგანს სწორად შევარჩევთ. შამპანურის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მშრალი შამპანური ტკბილეულს ყველაზე მეტად უხდება, რადგან მისი სიმჟავე დესერტთან საოცარ კომბინაციას ქმნის. ყურადღება უნდა მიაქციოთ დესერტებსაც. შამპანური არც იმდენად მჟავეა, რომ კრემიანი და ნოყიერი ნამცხვრები დააბალანსოს. სამაგიეროდ, იდეალურად უხდება ხილის ტარტს, მსუბუქ კექსსა და შორბეთს.

შამპანური და სუში

აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: თქვენი საყვარელი სუში შეგიძლიათ უფრო გემრიელად მიირთვათ, თუ მასთან ერთად ჭიქა შამპანურს შესვამთ. სუშის უამრავი ვარიაციიდან ნებისმიერს მოეძებნება შესაფერისი შამპანური. მაგალითად, თუ სუში ნაკლებად ძლიერი არომატის თევზით არის დამზადებული, მაშინ შამპანურიც მსუბუქი უნდა მიაყოლოთ; თუ მკვეთრად გამოხატული გემოს თევზი გირჩევნიათ, როგორიცაა, ვთქვათ, ორაგული, მას შამპანურიც უფრო ძლიერი მოუხდება. 

შამპანური და საუზმე

თუ დღის დაწყება სადღესასწაულო განწყობით გინდათ, ჭიქა შამპანურს გირჩევთ. საუზმისა და შამპანურის კომბინაცია ახალი აღმოჩენაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესოც. შუშხუნა ღვინო ყველაზე მეტად ომლეტს, ბეკონს, სოკოს და ბრიოშით დამზადებულ ფრანგულ ტოსტს უხდება. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, შამპანურს ჩვენი საყვარელი კერძების კიდევ უფრო მეტად გაგემრიელება შეუძლია. ახლა, როცა ახალი წელი სულ მალე მოგვადგება კარს, გირჩევთ, შამპანურითა და კერძებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ, საყვარელი გემო იპოვოთ და ტრადიციულ სუფრას ახალი სიცოცხლე შესძინოთ.

მსგავსი თემები