თეირანში, ქრისტიანულ სასაფლაოზე არსებულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  •  

ირანის დედაქალაქ თეირანში, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული, მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.  

კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაში მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში განუცხადეს, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ სრულად აიზომა საკულტო ნაგებობა, რომელიც ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

მათივე განმარტებით, ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.    

“7 დღიანი ვიზიტის მსვლელობისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრთან და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავენ”, – აცხადებენ სააგენტოში. 

თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე 1924 წელს აგებული სამლოცველო და აკლდამა, საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ, მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნას მიუძღვნა.

მსგავსი თემები