სემეკს მიენიჭა უფლება, რომ  2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს – დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა.  სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება, რომ  2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს 2024 წლის გეგმები გააცნო. მომდევნო წელს სემეკის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და კომუნალური კომპანიების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის, განახლებადი ენერგიების ათვისების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება  და ენერგეტიკული განათლების ხელშეწყობა.

ამ ეტაპზე, ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდას კომისია არ გეგმავს – დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები