პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას, რომელიც დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღებას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცვლილება თბილისში საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების ერთ-ერთი მიმართულებაა.

მსგავსი თემები