„მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში ამ კუთხით
არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„საქართველოსთვის ნიდერლანდების სამეფოს გამოცდილების გაზიარება, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს. სახელმწიფოს მხრიდან 10-ზე მეტი პროგრამა
ხორციელდება და, რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი ინიციატივებიც. შედეგად, ყოველწლიურად, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება დაახლოებით 10-12%-ით იზრდება; გასულ წელთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 25%- ით გაიზარდა; 100-მდე ქვეყანაში ვახორციელებთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა; მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და, ვფიქრობ, ამ შედეგს წლის ბოლოს შესაბამისი შეფასება ექნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არაერთი სხვა მიმართულებით აქვთ სავაჭრო ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში
კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ელჩის განცხადებით, როგორც ნიდერლანდების სამეფოსთვის, ისე საქართველოსთვის აგრარული პროდუქციის წარმოება აქტუალურია და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას ერთმანეთისთვის ძალიან საჭირო გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხს, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ
გამოწვევებთან გამკლავების გზებს.

მსგავსი თემები