,,არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად”- კახა კალაძე

საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არ იყიდება და დესტაბილიზაციის უფლება არავის მიეცემა.

„დარწმუნებული ვარ, შესაბამის სამსახურს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრი რამ ცხადიცაა. პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, არეულობა.
ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ვინც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს, გაატარებს სხვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. არავის მივცემთ უფლებას
და შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად. ჩვენი ქვეყანა არ იყიდება! ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, მის გარეთ თუ ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დასახელებული ადამიანები, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაფრის მკადრებლები არიან.

მსგავსი თემები