,,ოპოზიციის მთავარ საზრუნავად კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება”- მიხეილ სარჯველაძე

„დღევანდელი ხელისუფლების მონდომებით, საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად, იმ 12 რეკომენდაციის მიმართულებითაც გვქონოდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც დასახელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაპირობად“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, „შედეგიანი“ აღმოჩნდა.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ახსნა ამისა – კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა და ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

მსგავსი თემები