,,იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ”- რატი იონათამიშვილი კელი დეგნანზე

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი იმ ელჩებს შორის არ იქნება, ვისთანაც ის მეგობრობას გააგრძელებს. დეპუტატი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

,,ფაქტია, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს სანდოობისა და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ფაქტია, რომ ელექტრონული არჩევნების პროცესი ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებების, კარუსელების დისბალანსებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ქართულ საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და ამ მხრივ სად რა პრობლემები იყო. ვინაიდან ამ მხრივ ეს სისტემა ყველაზე გამართულია. მე ჩვენს ქვეყანაში აშშ-ს არაერთ ელჩს ვიცნობდი პირადად. მათ შორის ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მის [კელი დეგნანის]მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები