„ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

სტიქიის შედეგად მარიტა გუტაშვილის ოჯახის 9 წევრი დაიღუპა, რომელთაგან ორს ამ დრომდე ეძებენ.

მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს, რომელსაც გარდაცვლილ ნათესავებს უძღვნის:

„რა არეული ჩამოდის ცა,
რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი,
სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა –
ექოა?! არა… ჯოჯოხეთს ჰგავს!
ღმერთო შენც ხედავ?! ზემოდან ჩანს?!
ნისლში გახვეულ სიცოცხლის კვალს?!
უკვდავად მდგარი ხისაც რომ მწამს,
წამში დაკარგულ აჩრდილსა ჰგავს.
ტკივილს იგრძნობდით ?! საიდან სად?!
სულის წიოკი შიგნიდან მჭამს!
სიზმარი?! არა… ცხადია… ცხადი!
დაუსრულებელ სიზმარს რომ ჰგავს.
დაფლეთილ გულებს რომ გაგიმთელებთ,
უნდა იფეთქოთ, სხვა გზა არ გაქვთ;
სისხლი?! ჩემი ხომ ყველას გვეყოფა?
სუნთქვა?! შოვში ხომ მაგისთვის ვართ?!
თქვენს სიცოცხლეებს მე არ ჩავაქრობ,
ძალა, ცხოვრების, მხოლოდ თქვენ ხართ.
სიყვარულისთვის?! ბოლო წამამდე,
ბოლო წვეთამდე არ დავხრი თავს.
ცხრაჯვარს გამეხიზნა ცხრავე ანგელოზი,
სხვებიც სალოცავად თან გაჰყვნენ მათ,
ვერსად დამეტევა მწარე სინანული,
მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ.
მადლობა.. ჩემთან ბურჯად მდგარ გმირებს,
ჭკუაშერყეულს ფარად რომ მყავს

სიკვდილიც, უკვე დამუნჯებული, მუხლმოდრეკილი თავდახრით დგას“.

მსგავსი თემები