ოდესაში, დაბომბვაში მოყოლილი ქართველი მეზღვაურები, მალე სამშობლოში დაბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ოდესის ოლქში, რენის პორტში, დაბომბვაში მოყვნენ, რუმინეთში გადავიდნენ და უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნდებიან.

საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.

“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები პირდაპირ კავშირზე არიან გემთმფლობელთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მონიტორინგს უწევენ საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესს”, – აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისის დილას, ოდესის ოლქში, ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. ამ დღეს რუსეთმა იერიში უკრაინის ქალაქებთან ერთად, პორტებზე, ნავსადგომებზე და სავაჭრო ობიექტებზე მიიტანა.

ქართველი მეზღვაური მარად აბაშიძე აცხადებდა, რომ შემთხვევის შედეგად რენის პორტში არავინ დაშავებულა, თუმცა დახმარებას ითხოვდა. ბერძნული კომპანიის გემ “აკომენაზე” მასთან ერთად კიდევ 5 ქართველი იმყოფებოდა. გემი მალტის დროშის ქვეშ ცურავს.

მსგავსი თემები