რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონის განცხადებები, რომ საქართველოს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს იმის გამო, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინა, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა.
ზახაროვა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა ფრენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ”საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, დემოკრატიული ქვეყანაა და იქ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას”.
,,ვაშინგტონის განცხადებები, რომ შეიძლება სანქციები დაუწესდეს საქართველოს იმის გამო, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინეს, სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. რატომ უნდა იყოს ამერიკის საქმე, რაზე მოილაპარაკებს ორი სუვერენული სახელმწიფო. თუ აშშ ადამიანის უფლებებს პირველ ადგილზე აყენებს, მაშინ ამ შემთხვევაშიც ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. ადამიანები წლების განმავლობაში გვწერდნენ წერილებს და გვთხოვდნენ, რომ ეს ფრენები აღგვედგინა. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ არ იწვევს ვაშინგტონში კითხვებს პირდაპირი ფრენები სხვა ქვეყნებთან და საქართველოსთან იწვევს. სომხეთთან ხომ გვაქვს პირდაპირი ფრენები, აზერბაიჯანთანაც გვაქვს. ეს საქართველოს დისკრიმინაცია გამოდის,”- განაცხადა ზახაროვამ.