გორის სოციალურ საცხოვრისში, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, სველი წერტილებიც კი არ არის – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით,  მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები.

მსგავსი თემები