დამრღვევი პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში 300 ლარით – გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება და პირველ ეტაპზე კანონი  4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება.

აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

რაც შეეხება სანქციებს, ჯარიმები შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით.

კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანო განიხილავს.

4 ქალაქში, გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

მსგავსი თემები