ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება სცადეს

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლის დაკავებასაც დღეს ოკუპანტის სამხედროები ცდილობდნენ, შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ამჟამად, მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკოდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი თემები