,,არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება, გაჰყვეს, ან რამდენი ხანი შეიძლება, ამაზე ინერვიულონ”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული პარტია. სხვათა შორის, საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როგორითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირჩევენ თავმჯდომარეს და იგივე იქნება მუნიციპალურ დონეზე. აბსოლუტურად ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის და იქნება არჩევითი, მეტიც, ფართომასშტაბიან, დიდ მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. ასევე ცხადია, ყველა ეს ადამიანი, რომელიც იქნებიან არჩეული ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში პარტიის თავმჯდომარეებად, ეყოლებათ წარმომადგენელი პოლიტიკურ საბჭოში. შესაბამისად, ამ წუთას, თბილისის ჩათვლით, 73 მანდატი არის არჩევნების გზით გასათამაშებელი.

ამასთან, ჩემი აზრით, ანეკდოტია, როდესაც ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად, რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. ანეკდოტია, ცოტა სასაცილოა, არასერიოზულია ამაზე საუბარი, ორი თვის წინ იყო არჩევნები. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება, გაჰყვეს, ან რამდენი ხანი შეიძლება, ამაზე ინერვიულონ. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები თუ ვინმეს უნდა, არის ორ წელიწადში ერთხელ, მოემზადონ და შესაბამისად, მიიღონ მონაწილეობა. ნაყოფიას პასუხად გითხარით, არჩევნები რომ იქნება მუნიციპალიტეტებში. პოლიტსაბჭოს არჩევნებია, როცა ვამბობთ, რომ 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება არჩევნები. ანუ პოლიტიკური საბჭოს 63 მანდატი მათ შორის გათამაშდება. ამაზე ღია, გამჭვირვალე წესი ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ყველას შეეძლება პარტიის შიგნით ჰყავდეს კანდიდატი, ღია არჩევნებით მოიპოვოს მანდატი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები