„აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას, წითელი ხაზების გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია“ – ჩინეთის ელჩი

თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და ამერიკის შეერთებულ შტატებს წითელი ხაზების გადაკვეთაში ამხელს.

როგორც ელჩი აცხადებს, აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას და ჩინეთი მტკიცედ დაიცავს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებით და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის ცივი ომის დროინდელი, ჰეგემონური ქმედებები, როგორიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციისკენ წაქეზება, კარჩაკეტილობა, კავშირების გაწყვეტა და ა.შ. 29-31 მარტამდე და 4-6 აპრილამდე პერიოდში, თაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინგვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით შეერთებულ შტატებში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. თაივანი და შეერთებული შტატები იმეორებენ, რომ ცაი ინგ-ვენი მხოლოდ “ტექნიკური მიზეზით გაჩერდა” შტატებში. როდესაც ასეთი მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ეწყობა შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი, ასეთი განცხადება დამაჯერებელია? ცაი ინგ-ვენის ე.წ. “ტრანზიტით გაჩერება” არის ფარსი“ – აღნიშნა დიპლომატმა.

ჭოუ ციენის შეფასებით, აშშ თაივანის დამოუკიდებლობის პროპაგანდას ცდილობს.

„მისი მიზანია „დიპლომატიური გარღვევა“ და „თაივანის დამოუკიდებლობის“ პროპაგანდირება. აი, ეს არის სიმართლე. თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თაივანსა და შეერთებულ შტატებს  შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ნებისმიერ ფორმას, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თაივანის ხელისუფლების ლიდერის ნებისმიერი სახელით თუ საბაბით აშშ-ში ვიზიტს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სახის კონტაქტს თაივანის ხელისუფლებასთან, რომელიც არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება,  კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინგ-ვენისთვის ვითომ “ტრანზიტით” შტატებში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია. ჩვენ ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას და კონსტიტუციის და ანტისეპარატისტული კანონის შესაბამისად, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები