„ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო“ – ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტზე

საქართველოშ ევროკავშირის ელჩია განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში საკმაოდ ძლიერი გამოსვლა ჰქონდა. როგორც პაველ ჰერჩინსკი განმარტავს, ის ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ქვეყანა გზაჯვარედინზეა.

„ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე – გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევს, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის განხორციელება“ – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს.

„ჯერ კიდევ არის დრო. როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ევროკომისია პროცესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო კოლექტიურად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს წლის ბოლოსკენ. მივესალმე პრეზიდენტის სურვილს იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული –  მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება“ – აღნიშნა ელჩმა პარლამენტში.

მსგავსი თემები