,,პარაზიტობაა, როცა ცდილობ ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”- შალვა პაპუაშვილი

,,პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ უკრაინის ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

„ამ აქციის ორგანიზატორები საქართველოში არ არიან და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა საზღვარგარეთ. ამიტომ, ეს აჩვენებს რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში.

სოლიდარობის მხრივ, მე მგონი არ მოგისმენიათ უკრაინის პარლამენტის მხრიდან რაიმე საყვედური და აი, ეს არის სამწუხარო, რომ ქართველი პოლიტიკოსები და ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებსა და კოლეგებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან იყო განცხადებები და ბრალდებები, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას აბრალებენ ამას და როცა ყველამ იცის, რომ ეს არის ტყუილი და არავინ, ჩვენი ოპონენტები არ იღებს ხმას და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩვენს გვერდით არ გვიდგანან, ეს არის საწყენი.

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც ერთხელ ჩვენ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარულები ვყოფილიყავით მათ მიმართ სიტყვით, თუ საქმით. რაც შეეხება იქ წასვლას, დღეს ბევრია, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე. პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო და იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე.

ამ აქციას ჰყავს ორგანიზატორები, რომელიც არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზატორებიც კი, თავად არ მიდიან აქციაზე და თავისთავად, მე ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე მისვლის არანაირი სურვილი არ მაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები