,,რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა”- პაატა მანჯგალაძე ”ქართულ ოცნებაზე”

,,ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, რომ რუსებმა მძევლად აგვიყვანეს და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

დეპუტატმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბელარუსში ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა, რითაც “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეაფასა.

,,რაც შეეხება ბჟანიას ე.წ. ვიზიტს, “ქართული ოცნება” რუსებთან ერთად აშანტაჟებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. უკრაინაში არ მიდიან, კანდიდატის სტატუსს კარგავს ქვეყანა და გვაშანტაჟებენ, რომ თუ უფრო მეტად არ დავთმობთ თავისუფლებას, რუსები უფრო ცუდად მოგვექცევიან. გვეუბნებიან, რომ თუ უფრო მეტად არ შევძვრებით ჩირგვებში, რუსეთთან მუხლებზე არ დავდგებით, ყველაფერი ცუდად იქნება. ვოლსკიმ, რომელიც ძველი ჩეკისტია, თქვა – კალაშნიკოვი გვაქვს შუბლზე მიბჯენილიო. ალიბს იქმნიან წინასწარ, როცა მალე დადგება პასუხისმგებლობა იმ ღალატისთვის, რასაც ჩადიან, გვეტყვიან, რომ ნებით კი არ აკეთებდნენ, კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე და იძულებულები ვიყავი ქვეყნისთვის გვეღალატაო. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, რომ ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, პუტინთან იმიტომ ვთანამშრომლობდით, იმიტომ დავაკარგვინეთ სტატუსი ქვეყანას, რომ რუსებმა აგვიყვანეს მძევლად და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო, პრემიერიც ამას იტყვის, კობახიძეც და დანარჩენებიც,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები