„ილია ყოველდღიურად სვამდა. თითო ჭიქა კონიაკს სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი. მას ალკოჰოლიზმი არ აქვს“ – მარიამ კუბლაშვილი დეპუტატზე

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და თანაშემწე თამთა თოდაძესთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ჯიშკარიანი ყოველდღიურად სვამდა და მას კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

რა  ხდებოდა კონკრეტულ დღეს დეპუტატის ბიუროში, რატომ სვამდნენ და როგორ განვითარდა მოვლენები, მარიამ ჯიშკარიანმა „მთავართან“ ისაუბრა.    

“იმ ოთახში იყო 4 კაცი. 1 თანამშრომელი, მეორე იყო ნაცნობი, მეგობარი ორივე მხარისთვის, იყო ბატონი ილია  და ქალბატონი თამთა. ბატონი ილია და ეს ადამიანები იწყებენ სმას, დალევას. ილია  ნაბახუსევი ნამდვილად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 1 ჭიქა კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო. მას 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი. ეს ხდება 4 საათზე, 4-დან 5 საათის შუალედში. ამ დროისთვის ნაადრევად კეტავენ ოფისს, სუფრა არის გაშლილი კაბინეტის გვერდით. არის წახემსება, მიიღეს კონიაკი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი საქციელი იყო. ვერ გავამართლებ იმაში, რომ ამ დროს მიიღეს ალკოჰოლი. არ უნდა მიეღო არცერთ თანამშრომელს არანაირი კონიაკი. სხვა თანამშრომლები აღარ იყვნენ. ადრე დახურეს ოფისი“ – აცხადებს დეპუტატის ინტერესების დამცველი.

მისი თქმით, დეპუტატმა სახელმწიფო დაწესებულება იმ დღეს ადრე დახურა. ასევე ამბობს, რომ მას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ დღე უნდა მიეღო 1 ჭიქა კონიაკი, თუმცა, კონკრეტულ დღეს, მისი თქმით, 2 ჭიქა კონიაკი დალია.

„ილიამ 2 ჭიქა კონიაკი მიიღო. ის არ დამთვრალა, იყო ჩვეულ მდგომარეობაში. ილია ყოველდღიურად სვამდა. თითო ჭიქა კონიაკს სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი. მას ალკოჰოლიზმი არ აქვს.  მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შეჩვეული იყო. ერთ ჭიქა კონიაკს იღებდა ყოველ დღე“ – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძეც სვამდა: „თამთა ბევრს სვამდა საერთოდ, სხვა ფრაგმენტებშიც და გამოჩნდებიან მოწმეები. ეს ადამიანი ხშირად სვამდა და როცა სვამდა ტიროდა“.            

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. აღძრულია სს საქმე, თოდაძე დაზარალებულად ცნეს, ილია ჯიშკარიანს კი 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.  

მსგავსი თემები