„ეს დაავადება განვითარდა ახლა, როდესაც მალაბსორბციის დიაგნოზი და შეწოვის დაქვეითება გაჟღერდა“ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

​ჰემატოლოგ მარინე აბაშიძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილს  რკინადეფიციტური ანემია მხოლოდ მას შემდეგ განუვითარდა, რაც მალაბსორბციის დიაგნოზი დაუსვეს. მისივე შეფასებით, თუკი შიმშილობის მერე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არც ხორცს იღებდა, არც სხვა საკვებს და მას არ განვითარებია რკინადეფიციტური ანემია, ახლა მხოლოდ ხორცის არმიღების გამო, არ განვითარდებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე დაინტერესდა, რკინადეფიციტური ანემია მას შემდეგ ხომ არ განვითარდა, რაც სააკაშვილი ხორც არ იღებს.

როგორც ჰემატოლოგმა სასამართლოზე აღნიშნა,  როდესაც სააკაშვილი გორის კლინიკაში იწვა, რკინადეფიციტური ანემია არ დაფიქსირებულა.

„ეს დაავადება განვითარდა მხოლოდ ახლა, როდესაც მალაბსორბციის დიაგნოზი და შეწოვის დაქვეითება გაჟღერდა. ჰემოგლობინი იკლებდა. რა თქმა უნდა, ჰემოგლობინი ნორმაზე ცოტათი დაბალი ყოველთვის იყო, მაგრამ რკინის ვარდნა არ დაფიქსირებულა. მე გორში ერთხელ ვიყავი და მაშინ ექთანი ძალიან წუხდა, რადგან პაციენტი საჭმელს არ ჭამდა. მე არ ვარ კვების სპეციალისტი და ნუტრიციოლოგი, მაგრამ მე კატეგორიულად გეტყვით, თუკი შიმშილობის მერე, როდესაც პაციენტი არც ხორცს იღებდა, არც სხვა საკვებს და არ განვითარებია რკინადეფიციტური ანემია, ახლა მხოლოდ ხორცის არმიღების გამო როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო? მაშინ არ განვითარდა, ახლა რა მოხდა? ამას არც ექიმობა უნდა და არც ჰემატოლოგობა. ლოგიკურ კითხვას გისვამთ“, – განაცხადა ექიმმა მარინე აბაშიძემ.

მსგავსი თემები