„ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი XBB.1.5 გაცილებით ძლიერია და ვაქცინაზეც ნაკლებად რეაგირებს

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. საჭიროა სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნას მიღებული საპასუხო ზომები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით,   მსოფლიოში „კორონავირუსის“ ახალი შტამის შემთხვევები მზარდია.

„ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში). ა.წ. 6 იანვარს მარტო იაპონიაში დაფიქსირდა COVID-ის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 456 გარდაცვალება, აშშ-ში – 30 ათასი ახალი შემთხვევა და 220 გარდაცვალება, ისრაელში – 1386 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვალება და ა.შ.

საყურადღებოა აგრეთვე, რომ აშშ-ში დომინანტური ხდება ომიკრონის ახალი სუბვარიანტი XBB.1.5, რომელიც ხასიათდება ომიკრონის წინამორბედ სუბვარიანტებზე კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით და გარდა ამისა, შესაძლოა ეს სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არამარტო სტანდარტული ვაქცინის, არამედ ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინის მიმართაც“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები