„ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსითა და გრიპის ვირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვითარება მართვადია.

„საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია. COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას. დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში.

„ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზე ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად (10-ჯერ და მეტად) ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიმრავლისა და კლინიკების გადატვირთვის მიუხედავად, ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითისთვის, აშშ-ში CDC-ის ოფიციალური მონაცემებით იგივე პერიოდში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 14000 შემთხვევა“ – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები