„მივმართეთ მერიას, წრეზე დავდგებით და ჩვენი მესიჯებით გადავფარავთ წარწერას, „თბილისი მშვიდობის ქალაქი“  – ნატა ფერაძე

თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ქანდაკებასთან, სადაც საახალწლო სლოგანი უნდა აინთოს, რამდენიმე აქტივისტია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ საახალწლო სლოგანს, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის ქალაქი“.

ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ ელოდებიან ხალხს და როგორც კი ყველა შეიკრიბება, წრეზე დადგებიან და სლოგანს გადაფარავენ.

მისივე თქმით, ადგილზე მიიტანეს ბანერები, რომლებზეც დატანილია წარწერები, „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ და „თბილისი გმირების დედაქალაქი“.

„დღეს, 20:00 საათზე კახა კალაძემ დააანონსა ნაძვის ხის ანთება. მანამდე გააკეთეს წარწერა, რომ თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რაზეც ჩვენ შევქმენით პეტიცია და მივმართეთ მერიას, ანთებამდე მოეშორებინათ ეს წარწერა. რა თქმა უნდა, კალაძემ არ გვიპასუხა და კალაძის პასუხი იყო ის, რომ დარჩა წარწერა. დღეს მოხსნეს გმირების ფოტოები და გადაიტანეს, მოაშორეს. ანუ პასუხი იყო, რომ მე არ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ამიტომ ჩვენი აქცია შეიძლება, ყოფილიყო ჩვეულებრივი აქცია და მათთან ერთად გვეზეიმა ნაძვის ხის ანთება, ნაძვის ხის ანთებას და ახალ წელს ჩვენც ვზეიმობთ, თუმცა რადგან არ გამოჰყვა მოსახლეობის ხმას, ჩვენ მოვიტანეთ 170-მეტრიანი ბანერები. ჩვენს ბანერებზე დატანილია კვლევით შეჯერებული მოსახლეობის მესიჯები – „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ და „თბილისი გმირების დედაქალაქი“. ეს მესიჯი იქნება ორ ენაზე. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ნაძვის ხის ანთებას. არავინ არ თქვას, რომ არ გვინდა ახალი წლის აღნიშვნა. ჩვენ ვზეიმობთ ახალ წელს, უბრალოდ სოლიდარულები ვართ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. საცობების გამო ხალხი აგვიანებს. როგორც კი შევიკრიბებით, წრეზე დავდგებით და ჩვენი მესიჯით გადავფარავთ იმ წარწერას“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

მსგავსი თემები