,,მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას – გირაოს სახით“- ვახტანგიშვილის ადვოკატი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის დაცვის მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობით მიმართვას აპირებს. ადვოკატ, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, გიორგი ვახტანგაშვილი  მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

„საკმაოდ კომპლექსურად, არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ვახტანგაშვილი იყენებს დუმილის უფლებას, სამწუხაროდ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩემებური ინტერპრეტაცია მივცე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ის დღევანდელი მდგომარეობითაც გამოთქვამს სურვილს, რომ გამოძიების მიმართულებით მაქსიმალურად გააგრძელოს თანამშრომლობა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომას, ალბათ უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას ბატონი გიორგი მიმართ. ჩვენ, ისევ გიორგის პოზიციიდან გამომდინარე, ფაქტობრივ საფუძვლებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას – გირაოს სახით“,- განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები