„რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა“ – მერიის წარმომადგენელი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურებული იყოს, რომ ვაკის პარკში განხორციელებული სამუშაოები  სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

გიგაშვილმა პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა. მას განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

„ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტურად, დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია. ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, რატომ  მოხდა. ეს ყველაფერი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს შესყიდვების ელექტრონულ საიტზე, ამოიღოს ინფორმაცია, რა ვალდებულებები გვქონდა ჩვენ, უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტს, რა ვალდებულებები ჰქონდა შემსყიდველ კომპანიას, რა ვალდებულებები ჰქონდა ექსპერტს და ა.შ.

ჩვენი სამსახურის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის, რომ შევამოწმოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ  მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი აკრედიტებული ან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ამასთან ერთად, მთლიანად ტენდერს და სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტი უწევს“ – განაცხადა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, არც ერთი სამუშაო შესაბამისი ექსპერტიზის გარეშე არ ჩატარებულა.

„რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა. ეს არის აკრედიტებული ექსპერტიზის ბიურო, რაც გათანაბრებულია ყველა სხვა ექსპერტიზასთან. ამ ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და წარმოებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“ – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ორი ბავშვი.

 

მსგავსი თემები