,,ათი წელია, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს ატყუებს, თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან”- სამადაშვილი

,,ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი ემზადება იმისთვის, რომ ბელორუსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანამონაწილეობით და იმ მიწების მითვისებით, რასაც უკრაინას ”წაგლიჯავს”, შექმნას ახალი გაერთიანება.

„ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები შესაბამისად გარო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებული იყოს ბელარუსის ელჩი და ამ ორგანიზაციებში ელჩები უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების რეჟიმის ისეთ გამკაცრებას, რომ გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას.

ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ათი წელიწადია, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ატყუებს, თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან. რეალური შედეგი რაც არის, ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ.

გარდა ამისა, ჩიხში შეიყვანა ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ ვერც ახალი მოტივაცია და სტიმული ვერ შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით და რბილი ძალის გამოყენებით რაიმე შედეგი დაგვედო მოლაპარაკებებში ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩვენს თანამოქალაქეებთან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები