ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, პუტინის ბოროტების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსულპასპორტიან მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ იქნებიან ჩუმად.

„როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მისი დახმარება ხდება. თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით; ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,  თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტიც მზადდება.

„ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე. ასევე, იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ მსჯელობა დღითიდღე ფართოვდება. აღნიშნულმა უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები